logo
ENG



მორავეცკი: პუტინი ჰიტლერზე და სტალინზე უფრო საშიშია, მსოფლიო "დეპუტინიზაციას" საჭიროებს

12 მაი 202212:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/12/gafws6j0rwuhlko.jpg

პოლონეთის პრემიერმინისტრი მათეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი ჰიტლერზე და სტალინზე უფრო საშიშია, რადგან მას აქვს სასიკვდილო იარაღი - ბირთვული რაკეტები და ინტერნეტი, რაც მეოცე საუკუნის დიქტატორებს არ ჰქონდათ.

პოლონეთის პრემიერის თქმით, რუსეთმა საინფორმაციო სივრცე მილიონობით ყალბი ამბით დააზიანა, ამიტომ მსოფლიო "დეპუტინიზაციას" საჭიროებს.

"პუტინის იდეოლოგია "რუსულ სამყაროზე" - ეს მეოცე საუკუნის კომუნიზმის და ნაციზმის ტოლფასია. ეს არის იდეოლოგია, რომლის დახმარებითაც რუსეთი ამართლებს გამოგონილ უფლებებს და პრივილეგიებს საკუთარი ქვეყნისთვის. საჭიროა ამის აღმოფხვრა", - თქვა მან.

მორავეცკი ასევე გამოეხმაურა პუტინის მიერ 9 მაისის აღლუმზე გაკეთებულ განცხადებას, როდესაც პრეზიდენტმა თქვა, რომ "რუსეთი დღეს ნაციზმს ებრძვის“.

პოლონეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის დიქტატორი ავითარებს მითს იმის შესახებ, რომ რუსეთმა დაამარცხა ნაციზმი, მაგრამ არ ახსენებს ომის შემდგომი ათწლეულების რეპრესიებს და სსრკ-ს ქმედებებს აღმოსავლეთ ევროპაში.

"პუტინი - ეს არ არის ჰიტლერი და სტალინი. სამწუხაროდ, ის ბევრად საშიშია. თუ ევროპა არ შეაჩერებს მას, პუტინი გაგზავნის რუსეთის ჯარებს დანარჩენ ევროპაშიც. ჩვენი გადასაწყვეტია, სად შევაჩერებთ მას", - დასძინა პრემიერმა.


close დახურვა